სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში შპს ლიდერის შემოწმებისას, ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა.
სეს-ის ცნობითვე, საქმე სამართალდამცავ უწყებებს გადაეცათ.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს "ლიდერის" (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.
კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში , პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს.
ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ , მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე"- ნათქვამია განცხადებაში.